logo
ENG



"გაგვიტაცა და დაგვემუქრა, მუხლებს დაგიხვრეტთო" - მოზარდი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

12 მაი 202110:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/12/u8cy96hguodx5t7.jpg

ბათუმში მცხოვრები 16 წლის მოზარდი პოლიციას მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

ბიჭი ბათუმელებთან საუბრისას ყვება, რომ 10 მაისს, ის და მისი ორი მეგობარი დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ბათუმში, ინასარიძის ქუჩიდან პოლიციელმა სახლამდე მიიყვანა. იმავე პოლიციელს მოზარდები ქუჩაში დილის ექვსის ნახევარზეც შეხვდნენ. მოზარდების თქმით, მეორე შეხვედრის შემდეგ პოლიციელმა ისინი ავტომანქანაში იძულებით ჩასვა და მუხლების დახვრეტით დაემუქრა.

"ისე მოხდა, რომ დაახლოებით ღამის თორმეტზე მივდიოდით სახლში, ექვსი ვიყავით… პოლიციამ გაგვაჩერა ამ დროს და გვკითხა, რატომ ვიყავით ქუჩაში. ერთ-ერთს, ვინც ჩვენთან ერთად იყო, ადრე პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. პოლიციელი გვეკითხებოდა, იციან თქვენმა მშობლებმა, რომ ამის მეგობრები ხართო? მერე პოლიციელმა მე და კიდევ ორი მეგობარი მანქანით წაგვიყვანა სახლში, დანარჩენები ახლოს იყვნენ სახლთან.

დილის ექვსის ნახევარზე მე და ჩემი მეგობრები ისევ გამოვედით გარეთ იმისთვის, რომ საჭმელი გვეყიდა – "ვილმარტში" წავედით, კობალაძის ქუჩაზე. ჩემთან მყოფი ერთი მეგობარიც 16 წლისაა, მეორე – 13 წლის. "ვილმარტიდან" როცა გამოვედით, ისევ იმავე პოლიციელმა გაგვაჩერა, თქვენ კიდევ ქუჩაში ხართო? ჩემმა მეგობარმა უთხრა, რა პრობლემაა, კომენდანტი ხომ უკვე მოხსნილიაო და პოლიციელმა გვითხრა, ყ—ზე მკიდია ეგ, დაჯექითო.

მანქანაში ორი პოლიციელი იყო. ერთი პოლიციელი იყო აგრესიული. გვაგინებდა. ასე გვითხრა, თქვენნაირი ბიჭები ბათუმს დედას უტ….სო, აგერ 20 ტყვია მაქვს და მაგრად დაგენ……თო, მუხლებს დაგიხვრეტთო. ვერ გავიგეთ, რა უნდოდათ. რამე დავაშავეთ-მეთქი და რა არ დააშავეთო. მეორე პოლიციელმა მობილური გამომართვა, ჩემს მესინჯერში შევიდა, ვაიბერშიც და მერე დამიბრუნა. ქალაქს რამდენჯერმე დავარტყით წრე და ბოლოს აეროპორტის ბოლოს, ჭოროხთან მისვლამდე ჩამოგვსვა მანქანიდან", – განუცხადა მოზარდმა "ბათუმელებს".

აღნიშნულთან დაკავშირებით ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.


close დახურვა